ოზურგეთსა და გორში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ოზურგეთსა და გორში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ოზურგეთში, მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ. „არა ნამახვანჰესს“, „საქართველო არ იყიდება“ – აქცია ამ შინაარსის ტრანსფარანტების ფონზე მიმდინარეობდა.
შეკრებილების განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებსა და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს. მათივე განცხადებით, გურიისთვის ჰესების საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია.
„რიონის ხეობის დამცველების გვერდით თავიდანვე აქტიურად იდგნენ გურულები. ჩვენ ყველა აქციას ვესწრებოდით და მათ მოთხოვნებს ვიზიარებდით. ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს გუმათში ჩასვლას და მათთან ყოფნას, ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ აქციის გამართვა. სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის დამცველებს და მინდა, ვთქვა, რომ გურიის მდინარეებიც დასაცავია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს პროექტი გაუქმდეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის მოღალატეობრივი პროექტი“, – განაცხადა გურიაში გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირმა გორდილაძემ.
„გორი რიონის მცველების მხარდასაჭერად“, – ამ ლოზუნგით კი აქცია მიმდინარეობდა გორში, თეატრის წინ.
აქციის მონაწილეების თქმით, უერთდებიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს და რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ.
„სოციალური ქსელით დავაანონსეთ აქცია, აქ მოსულები ვართ გორელები, ადამიანები, რომლებსაც გვაწუხებს ის, რაც ნამახვანში ხდება. ჩვენ ვუერთდებით მათ პროტესტს და მხარდაჭერას ვუცხადებთ რიონის ხეობის ცველებს. ბევრი კითხვაა ჰესის მშენებლობის ირგვლივ და მიგვაჩნია, რომ ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მშენებლობა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილე ჯემალ აკოლაშვილმა.