ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ
ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ.
„გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა უფლებების დაცვის მიზნით ადვოკატი უკვე აიყვანეს და კომპანიასთან სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ.
„ბუნებრივია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. პირველი შეხვედრა შედგა. მოთხოვნების უმრავლესობა მოგვარებადია და ამის შესახებ ფაქტობრივად დაწესებულების იურისტმაც აღნიშნა. რაც შეეხება მოთხოვნას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, განიხილება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულებს გამოცდილება აქვთ უშედეგო მოლაპარაკებებისა, იმედი არა აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებაც შედეგიანად დასრულდება“, – განაცხადა შპს ,,გურია ექსპრესში“ დასაქმებულთა ადვოკატმა თინათინ ბასილაშვილმა.
კომპანია „გურია ექსპრესის“ იურისტის, აკაკი თოიძის ინფორმაციით, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციისთვის ცნობილია და ამ დროისათვის მათი უმრავლესობაც გადაჭრილია. რაც შეეხება თანამშრომელთა მთავარ მოთხოვნას, ხელფასების მომატებას, იურისტის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.