ოზურგეთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები
უხვმა ნალექმა ოზურგეთში პრობლემები შექმნა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.
წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რამდენიმე ადგილზე ჩამოშლილია მიწის ფართობები. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.
„მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქი. მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა ბაზრის ტერიტორია. მრავალბინიანი სახოვრებელი სახლების სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მოუშაობენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს. დილის საათებში წვიმამ გადაიღო, მდინარეებზე წყალმა იკლო, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემებია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობს,“- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.