ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ჭადრების ბაღში მოზარდი დაჭრეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად კი, დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ ოპერაციაც ჩაუტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოზურგეთში რუსთავიდან დასასვენებლად იყო ჩასული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.