კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. სასურსათო პაკეტები, რომელიც ბიზნესსექტორმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, 50 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დაურიგდა.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯამში, რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 2 800 ოჯახს გაეწია.
სასურსათო კალათა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, დავეხმაროთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, განსაკუთრებით კი ამ პანდემიის დროს. სოციალურ აქტივობებში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.