საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, აღნიშნული რეგიონების აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს დღეს ესაუბრა და მათთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება. შესაბამისად, აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებას კვლავ ადგილობრივ ცენტრებში შეძლებენ.
ამავდროულად, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
5 მარტს, საგამოცდო ცენტრების სრული სია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების დახურვის შესახებ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აღნიშნულ ქალაქებში ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.