ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის კერების დიდი ნაწილი ლოკალიზებულია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, სადაც ქარსაცავი ზოლი იწვის, ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წევრები აცხადებენ. ცეცხლი თითქმის 12 ჰექტარზეა გავრცელებული.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე მაშველი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, სოფლის მაჟორიტარი ვახტანგ ნიჟარაძე, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ხელისუფლების სხვა წევრები.