ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ჩემპიონატი იმართება.
ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს ოზურგეთი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წელს შეჯიბრში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
„ჩემპიონატის პირველი დღე იყო საკმაოდ საინტერესო. კაიაკინგი სანახაობრივი სპორტია და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ეს ჩემპიონატი წლის ამ დროს განსაკუთრებული მოვლენა გახდა. იყო წარმატებული და წარუმატებელი დაშვებები. ჩემპიონატის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, ეს კი ხელს უწყობს მეტი სპორტსმენისა და ტურისტის მოზიდვას ულამაზეს ბჟუჟის ხეობაში“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს კაიაკინგის საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის-სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.
ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოება ხვალ, 10 მაისს გაიმართება.