ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პროცედურული დარღვევის საკითხის განხილვა ცესკო-ში ხმაურის ფონზე წარიმართა [ვიდეო]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბერდია ლომიძეს პროცედურული დარღვევისა და საქმიანობის არაჯეროვანი განხორციელებისთვის გაფრთხილება მიეცა.
საკითხზე ცესკო-მ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის საფუძველზე იმსჯელა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბერდია ლომიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძროაბის“ წარმომადგენელი დავით მჟავანაძე სხდომიდან გააძევა.
საჩივარზე ცესკო-ს შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და დაადგინა, რომ ბერდია ლომიძემ დავით მჟავანაძის გაძევების გადაწყვეტილება პროცედურის დარღვევით მიიღო.
პროცედურის თანახმად, გაძევების თაობაზე გადაწყვეტიელბა საოლქო კომისიას კენჭისყრის საფუძველზე უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა.
გარდა პროცედურის დარღვევისა, „ნაციონალური მოძროაბის“ წევრები ბერდია ლომიძეს ბრალს სხდომის ოქმის გაყალბებაშიც სდებენ, სადაც, მათი მტკიცებით, თავმჯდომარემ ასახა, თოთქოს კენჭისყრა ჩატარდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი განმარტავენ, რომ მათ რეაგირება მოახდინეს პროცედურული დარღვევის იმ ფაქტზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარში იყო აღწერილი. მათივე განცხადებით, ბერდია ლომიძეს, გაფრთხილების სახით, საჩივრის ადეკვატური დისციპლინარული სასჯელი დაეკისრა.