ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა მიუტანეს, რასაც ხმაური მოჰყვა
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა მიუტანეს, რასაც ხმაური მოჰყვა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკითხების განხილვამდე „ქართული ოცნების” წევრებმა დრო ითხოვეს და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება და ეს სათამაშოები შეუძლიათ, შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ. აღნიშნულ ქმედებას ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა და საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

მოგვიანებით, ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით განახლდა. ოპოზიციის წევრებმა უმრავლესობა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს, რაც, მათი თქმით, პირველ რიგში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში გამოიხატა. „ქართული ოცნების” განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და პროვოკაციულია. საბოლოოდ, ხმაური ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით მჟავანაძეს დარბაზი დაცვის წევრებისა და პოლიციის ძალით დაატოვებინეს. საკრებულო დატოვეს ოპოზიციის სხვა წევრებმაც.