ოზურგეთის მერი - ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის ზიანის შეფასება
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში გეოლოგები აგრძელებენ მუშაობას. პარალელურად, დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება ურიგდება.
ამავდროულად, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სოფელ ნაგომარში საავტომობილო გზაზე დროებითი ხიდი ეწყობა, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და საპროექტო ჯგუფი.
„სტიქიამ ასევე პრობლემები შეუქმნა სოფელ ჯუმათში, ჭოკლაურის უბანს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაზიანდა გზა და საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ტექნიკური ჯგუფიც, რათა უმოკლეს დროში აღვადგინოთ წყლის მიწოდება. ახლა ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზიანის შეფასება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.