კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლში აკითხავდნენ და თერმოსკრინინგს უტარებდნენ.
ნასაკირალის სამივე შესასვლელთან მოეწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, სადაც დაბაში შემსვლელ მოსახლეობას ამოწმებდნენ.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 3000 ადამიანს. არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენია.
ადგილზე იმყოფებოდნენ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას ეცნობოდნენ.
გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ხელისუფლება მსგავს პრევენციულ ღონისძიებებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გეგმავს.