ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ 55 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 23 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს სამი პროცენტით იყოფენ „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“.

„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „იფსოსს“ (IPSOS) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემების თანახმად: პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ – 41 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 33 პროცენტით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“ ხუთი პროცენტით.

„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემების თანახმად, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ 46 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 28 პროცენტით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“ ხუთი პროცენტით. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის ცდომილება 1,5 პროცენტს შეადგენს.

„რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლი ბრიტანულ „სურვეიშენს“ (Survation) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:30 საათის მონაცემებით, პროპორციული წესით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“ 52,2 პროცენტით, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 25,3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“ 4,2 პროცენტით. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის ცდომილება 1,2 პროცენტს შეადგენს.