ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობა მიეცათ
ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობა მიეცათ

დღეს, 28 მარტს, ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს; უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა მისი, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება.