ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
უკრაინა, კანადა, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი „ღრმა იმედგაცრუებას“ გამოხატავენ ირანის მიერ კომპენსაციაზე უარის გამო, რომელიც ოფიციალურ თეირანს 2020 წელს ჩამოგდებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ 737-800“-ის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა.
ამის შესახებ ნათქვამია ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ოფიციალურმა თეირანმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთი წინადადება უარყო.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ვახსენებთ მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და სრულად აანაზღაუროს სახელმწიფოთა ჯგუფის (რომელთა მოქალაქეები დაზარალდნენ ავიაკატასტროფის შედეგად) რეპარაციები“, – ნათქვამია ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლებიც ჩამოგდებული თვითმფრინავის მსხვერპლთა დახმარების საკოორდინაციო საერთაშორისო ჯგუფს წარმოადგენენ.
იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური თეირანი კვლავ განაგრძობს კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებებზე თავის არიდებას, უკრაინა, კანადა, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იმუქრებიან, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში განიხილავენ სხვა შესაბამის ქმედებებსა და ზომებს ამ საკითხის გადასაჭრელად.