ოთხი გოლი, გაძევება და ინტრიგა - „რუსთავი“ „დილას“ დაუზავდა
ოთხი გოლი, გაძევება და ინტრიგა - „რუსთავი“ „დილას“ დაუზავდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „რუსთავისა“ და გორის „დილას“ დაპირისპირებაში 4 გოლი გავიდა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. ანგარიში მე-4 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გახსნა. 45-ე წუთზე კი „რუსთავის“ მეკარე ნუკრი რევიშვილი გააძევეს და ნომინალური მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

ამის მიუხედავად, თამაში მოულოდნელი სცენარით წარიმართა. მეკარის გაძევებისთანავე რუსთაველთა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 58-ე წუთზე ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დუბლი შეასრულა და კაცნაკლული „რუსთავი“ 2:1 დააწინაურა.

გორელებმა რიცხობრივი უპირატესობით მატჩის მიწურულს მაინც ისარგებლეს, 83-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ ეფექტური გოლით მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაინაწილეს 2:2.

16 ტურის შემდეგ 17 ქულით „რუსთავი“ მე-7 ადგილზეა. „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. თუმცა, ხვალ, ბოლნისის „სიონთან“ მოგების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ გორელებს დააქვეითებს და მეორე ადგილზე დაწინაურდება.