ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის პირველ იანვარს გასდის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა. დღეს გამოცხადდა კონკურსი ოთხ პოზიციაზე, სამ პოზიციაზე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, ხოლო დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.