ოთარ ზურაბიშვილი - სალომეს გვერდით უნდა იყოს მთელი ერი, რადგან ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, გავამთლიანოთ საქართველო
სალომეს ალბათ სჭირდება, რომ მის გვერდით იყოს მთელი ერი, მთელი ხალხი, რადგან არამხოლოდ ერთი პირის, არამედ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, გავამთლიანოთ და გავზარდოთ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ძმის შეხედულება შეიძლება საინტერესო არ არის. მე ვარ აქ, როგორც პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერისთვის, საქართველოსთვის არის ახალი მომავალი. პირველი ქალი პრეზიდენტი, ქალი, რომელსაც აქვს დიპლომატიური გამოცდილება, ქალი, რომელიც არის იმ პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალი, რომელმაც იცის, რა არის ერის მიმართ ვალდებულებები და დარწმუნებული ვარ, შეასრულებს. სალომეს ალბათ სჭირდება, რომ მის გვერდით იყოს მთელი ერი, მთელი ხალხი, რადგან არამხოლოდ ერთი პირის, არამედ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, გავამთლიანოთ და გავზარდოთ საქართველო“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ სჭირდება ძმის რჩევა, მის ირგვლივ არის დიპლომატიური წრე.
„რაც ეხება პოლიტიკურ ემიგრაციას, როგორ შეიძლება საქართველოში ქართველების დაბრუნება, რაც არის მისი მიზანი, ამაში თუ სჭირდება დახმარება, მზად ვარ ამისთვის. მთავარი სიტყვები ითქვა, ძალიან მაგარი და ზუსტი გზავნილები, აწონილი სიტყვები ჰქონდა. საჭიროა, რუსეთი მიხვდეს, რა არის კანონიერება და ჩვენს მიმართ სხვანაირად მოიქცეს“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.