ოთარ ზურაბიშვილი - მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს, ვირჩევ მის კომპეტენტურობასა და გამოცდილებას
ოთარ ზურაბიშვილი - მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს, ვირჩევ მის კომპეტენტურობასა და გამოცდილებას

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ოთარ ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კრემლი იყენებს ყველა საბჭოთა მეთოდს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა აირიდოს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი კამპანიის ტონიც ამის მაჩვენებელია.

„მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 1975 წლიდან დაწყებული მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი საფრანგეთის ერთ-ერთი ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია, რაც მისი თავმჯდომარე ვარ. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემსას.

ალბათ იცით, რომ ჩემს დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და ზოგიერთ საკითხში კიდევ გვაქვს, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ორივესთვის ნათელია, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყველა საბჭოთა მეთოდს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც ამის კარგი მაჩვენებელია.

მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს პრეზიდენტს, საშუალებას, რომ არ ჩაერთოს პარტიულ ბრძოლაში და ამგვარად, იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი.

სალომეს 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალასა და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად.

მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობასა და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.