ოთარ შამუგიამ სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.
„ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითარების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 1 600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. გურიაში, სოფელ ბახვში გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან; ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ – ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.
ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით თენეიშვილის პლანტაციაში ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის ბრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნო. ოთარ შამუგია იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.