ოთარ შამუგიამ და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ოთარ შამუგიამ და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD IV-ის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმება, შვედეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მხარდასაჭერად, 3.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და შვედეთის მთავრობას მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ევროკავშირთან დაახლოების და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გამარტივების პროცესში, ყურადღება ENPARD IV-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ყველა პროცესი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, შეუფერხებლად და წარმატებით მიმდინარეობს. სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს. მოგეხსენებათ, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ ENPARD III-ის წარმატებული განხორციელების შესახებ ისაუბრა და ENPARD IV-ის ფარგლებში, ქვეყნის სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით  ხელშესახები შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა.

„ეს შეთანხმება არის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც FAO-ს, ჩეხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის და შვედეთის სამეფოს ექსპერტები თანაბრად იქნებიან ჩართული. აღნიშნული პროექტის ეფექტიანი განხორციელება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

როგორც შვედეთის ელჩის მოადგილემ, ერიკ ილესმა აღნიშნა, შვედეთის მთავრობისთვის საქართველო საიმედო პარტნიორია და მოხარულია, პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები.