ბერლინში გამართული სურსათისა და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი (GFFA 2023) საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს ეძღვნებოდა. მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოსდემირმა გახსნა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კონფერენცია, თავის მასშტაბითა და მნიშვნელობით, ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ურთულესი ნეგატიური გავლენები და საომარი ვითარებით შექმნილი კრიზისი, სასურსათო უსაფრთხოება აქტუალურ მსოფლიო გამოწვევად აქცია.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, მსოფლიო აგრარული წარმოება უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფერმერებსა და მეწარმეებს მუდმივად ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნასა და სამეცნიერო მიღწევებზე.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამშრომლობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ, რაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგვცემს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტერიალს (GFFA 2023), რომლის ორგანიზატორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო იყო, 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის ძირითადი განსახილველი თემა იყო სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია – მსოფლიოს პასუხი მრავალმხრივ კრიზისზე, რომლის თაობაზე მინისტერიალის ფარგლებში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სესიები: როგორ შევქმნათ კრიზისულად მდგრადი სასურსათო, კლიმატმეგობრული სასურსათო სისტემები და როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა გლობალური მდგრადი სასურსათო სისტემების თვალსაზრისით და შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, სადაც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ოთარ შამუგია, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023“ (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023“ მოწყობილ ქართულ სტენდზე წარმოადგინა.