გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილსა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანია „გეო ფლაუერის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად ორი ტონა სამკურნალო ბალახისა და ხუთი ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000. საწარმო, სადაც სეზონურად – 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ახორციელებს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში საწარმოში გასულ წელს მზის მცირე ელექტროსადგური მოეწყო, სადაც გამომუშავებული ენერგია გამოიყენება საწარმოში. კომპანია „გეო-ფლაუერი“ ასევ ფლობს საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით ბანკების მიერ გაცემულია მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების 213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება ექვს მლნ ლარს აღემატება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.