ოთარ შამუგია ზუგდიდში თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მილიონი ლარით; მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საწარმოა შექმნილი; თანადაფინანსების ოდენობა 5.6 მილიონ ლარს შეადგენს.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ფერმერებისათვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რაც ექსპორტის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების წინაპირობაა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ყურადღება დარგობრივი ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 600-მდე ტრენინგი, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარდა, პირდაპირპროპორციულად ისახება წარმოებასა და თხილის გაუმჯობესებულ ხარისხზე, რაც კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით 63 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 18 მილიონ ლარს აღემატება.
მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით 39 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 11.7 მილიონ ლარს აღემატება.
მეწარმეებთან შეხვედრა თხილის გადამმუშავებელი კომპანიის NUTSGE საწარმოში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.