ოთარ შამუგია - ყველანაირად მზად ვიქნებით, რათა მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ
ოთარ შამუგია - ყველანაირად მზად ვიქნებით, რათა მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „რთველი 2023“-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე ისაუბრა.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მთავრობამ მიიღო განკარგულება „2023 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“.

„ჩვენ ყველა მოსამზადებელი პროცესი გავლილი გვაქვს და თვის ბოლოს, 25 ან 26 აგვისტოს გაიხსნება შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსხურები. ასევე, მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა სუბსიდიის ოდენობა, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობით. კერძოდ, ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1კგ ყურძენზე გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს. ვფიქრობთ, სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის, თუმცა წელს ეს არის გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხა, ვიდრე იყო თუნდაც შარშან და გასულ წლებში, როდესაც სუბსიდია 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. შემცირების საშუალება ჩვენ მოგვცა სწორედ იმ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ ღვინის ხარისხს, იზრდება ღვინის ექსპორტი. შარშან გვქონდა დაახლოებით 30%-იანი ზრდა. წლევანდელი შვიდი თვის მონაცემებითაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ვფიქრობთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მეტად იყვნენ წარმოდგენილი ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე და ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი. წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მილიონის ოდენობით. ვფიქრობთ, წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე. რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით, რათა მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.