ოთარ შამუგია - მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებები, თითქოს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დავალებები შეასრულეს, ისინი არიან პროფესიონალები, ასრულებენ თავიანთ საქმეს
ოთარ შამუგია - მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებები, თითქოს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დავალებები შეასრულეს, ისინი არიან პროფესიონალები, ასრულებენ თავიანთ საქმეს

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, მოკლე დროში შეძლეს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პირველადი შეფასების გაკეთება.

შამუგიას თქმით, ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს აღნიშნულმა სპეციალისტებმა დავალებები შეასრულეს.

„დღეს გლოვის დღეა საქართველოში და კიდევ ერეთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა ძალიან მძიმე ტრაგედია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. ამაზე ჩვენ გუშინ გვქონდა ბრიფინგი და საზოგადოებას მივაწოდეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასება. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო 24-საათიანი მუშაობისთვის, რომელიც მათ გაწიეს და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ადგილზე დათვალიერების საფუძველზე. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალებები შეასრულეს, რაც ყოვლად მიუღებელია. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა და ყველას მოვუწოდებ, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, ასრულებენ თავიანთ საქმეს და მათ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც მათ ჰქონდათ ამ დროისთვის. ეს სპეციალისტები, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას და ხეობის კვლევას. სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბროთ შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. უნდა მომზადდეს შესაბამისი რეკომედაციები, რა უნდა განხორციელდეს მომავალში ამ ხეობაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალისტების წინასწარი შეფასება.

„პირველი, სტიქია დაიწყო შემდეგნაირად: მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდე-ზვავური მასის ჩამოშლას – დასკვნიდან ვციტირებ – რომელიც უკვე დინამიკაში მოვიდა, შეეჯახა მყინვარს და მოხდა გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შემდგომში უკვე გამოიწვია თანმდევი პროცესები, მეწყრული პროცესები და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ეს ყველაფერი, ასევე ჩვენი სპეიცალისტების გათვლებით, დაახლოებით, 8-10 წუთის განმავლობაში მოხდა – დაწყებიდან, ვიდრე ის ჩავიდოდა უშუალოდ სტიქიის ზონაში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ასევე იყო საუბარი, რომ ადგილი ჰქონდა ორდღიან დაგუბებას და ა.შ. სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები გვესმოდა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლიდანაც აღებული მონაცემებით, მდინარეზე არც სტიქიამდე და არც სტიქიის პერიოდში, წყლის დონის სხვაობა არ ფიქსირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი კვლევის, ვინაიდან ეს კვლევა აჩვენებს, რომ მდინარეზე ამ პერიოდში, ვიდრე სტიქია მოხდებოდა, წყლის დონის არც მატება და არც შემცირება დაფიქსირებული არ ყოფილა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის დიდ, ხანგრძლივ შეგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახებოდა მდინარის ხარჯის და დონის მაჩვენებლებზე. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავებული დასკვნის პუნქტი, რომელზეც მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. ესეც არის სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ განვითარებული მოვლენები იყო იმდენად მყისიერი, იმდენად კომპლექსური, რომ მისი თავიდან აცილება, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ვფიქრობ, პირველ რიგში, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ეს დასკვნა. პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პოლიტიკური განცხადებებით, რომლებსაც ისინი აკეთებენ, არ მიაყენონ შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, მუშაობენ დღესაც და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნისთვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება გუშინ გამოქვეყნდა.