ოთარ შამუგია - შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება, ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება
შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება, ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შამუგიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით.
„შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება. 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებით პრევენცია. აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას – 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.