გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, უკვე წლებია, ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციების დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნესწრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების საკითხებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.