გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს წარადგენს.
შამუგიას თქმით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება.
„ვიდრე უშუალოდ ანგარიშის წარმოდგენის ნაწილზე გადავალ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარება და, პარალელურად, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს; სწორედ ამიტომ, ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულით ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება აწესებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.
„თითოეული ჩვენგანი იზიარებს მდგომარეობის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ შეგვექმნას რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შევძლოთ წინსვლა, მათ შორის, მთავარი მიზნისკენ, ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამინისტროს ასიგნებები 150 პროცენტით გაიზარდა.
„ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ორი წელზე მეტია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150%-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას. მისი თქმით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომლებიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.
ასევე, ოთარ შამუგიამ პარლამენტში განაცხადა, რომ, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%-იანი ზრდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელს თუ შევადარებთ, 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 2022 წელს 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით)“, – განაცხადა მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1,3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10.5%-ით – 2021 წლის მაჩვენებელს.
„ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდაა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა მინისტრმა.