ოთარ შამუგია - საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ, მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა.
შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით.
„საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა.
„ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება.
მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.