ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩს და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა, კირსტი ნარინენმა და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული რისკებისა და კატასტროფების შემცირების, ასევე, წყლის რესურსებისა და ჰაერის ხარისხის მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების სრულყოფილი გამართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, წლებია, მიმდინარეობს. ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ რისკებს. საქართველომ გასულ წელს მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამ პროცესებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მართვის, ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ოთარ შამუგიამ ფინურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა, კირსტი ნარინენმა განაცხადა, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც გარემოსდაცვითი საკითხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქვეყანას დასახული მიზნების მიღწევაში. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.