ოთარ შამუგია საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს, მარკ ფენოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე – Sommet De L’elevae, ქართულ სტენდთან უმასპინძლა. მიმდინარე წელს საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას – ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოცემულ ეტაპზე გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, მარკ ფენომის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მიესალმება ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს.
„ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარებისა და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისა და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა.
მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.