ოთარ შამუგია - ქართული თხილისთვის ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის, „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ქართული თხილის სექტორზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, თხილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურა და ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამ სექტორში ქვეყნის მასშტაბით ათასობით ფერმერია დასაქმებული, აქედან უმრავლესობა – დასავლეთ საქართველოში.
„შარშან დაახლოებით 115 მლნ დოლარის ღირებულების ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის. მიმდინარე წელს ჩვენ ვაკვირდებოდით სექტორში მიმდინარე პროცესებს. კლიმატურმა პირობებმა, ასევე სხვა გარე ფაქტორებმა, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა, გამოიწვია ის, რომ ვერ მივიღეთ იმ რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი, როგორიც შარშან იყო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო წამლობის განხორციელება; ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და ფასები, რის გამოც ჩვენს ფერმერებს შემოსავალი შეუმცირდათ“, – აღნიშნა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, არაერთი შეხვედრა შედგა სექტორის წარმომადგენლებთან.
„შედეგად, დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სწორედ ამ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროექტის პირველი ეტაპი არის კადასტრი, თუ რომელ ფერმერს რა ფართობის, რა ჯიშის თხილი აქვს და ასევე, რა საჭიროებები არსებობს. შექმნილია შესაბამისი შტაბი, რომელიც აქტიურად მუშაობს. დღეისათვის, ჩვენი უწყების თანამშრომლების მიერ 20 000 ჰა თხილის ბაღები უკვე რეგისტრირებულია. ჩვენ შევდივართ ყველა სოფელში და ყველა ფერმერს, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, ვუწევთ მომსახურებას. მომავალი წლის თებერვლიდან, როდესაც დავასრულებთ რეგისტრაციის პროცესს, ერთ ჰა ფართობზე განვახორციელებთ 500 ლარის ოდენობით დაფინანსების გაცემას, რაც იქნება გამოყენებული მხოლოდ თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად. ფერმერებს ბარათებზე დაერიცხებათ ქულები და ამ ქულების გამოყენებით, წამლობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შეძენას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.