ოთარ შამუგია - მომარაგებასთან დაკავშირებით შეფერხება არ არსებობს, არის მოწოდებაში ცვლილება ფქვილისა და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, რეალურად არის მოწოდებაში ცვლილება ფქვილისა და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ჩვენი ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის მიერ ხორბალზე დაწესებული საექსპორტო გადასახადით, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე, მიმდინარე წლის განმავლობაში 54 000 ტონა ფქვილია შემოსული, დაახლოებით 43 000 ტონა ხორბალი და წინა წელთან შედარებით, ეს დისბალანსი, რომელიც შექმნილია, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, ვინაიდან ხორბალზე დაწესებულმა გადასახადმა არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოაჩინა მომწოდებლები ფქვილისა და ხორბლის ნაწილში.
„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდებისა და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან. არაერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების, ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.