ოთარ შამუგია - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით
ოთარ შამუგია - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო ხუთი სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის უკვე ძალაშია შესული. გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი“, – აღნიშნა შამუგიამ.

როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამ ეტაპზე 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა. დარჩენილი საწარმოების უმეტესობა აქტიურად მუშაობს სისტემების დასანერგად და, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათი დიდი ნაწილი დაასრულებს პროცესს.

მინისტრობის კანდიდატმა ტყის მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის შესაბამისად, ქვეყანა გადადის მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბებაზე. საქმიანი ეზოები მოეწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვნად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები და მიმდინარე წელს დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება.