ოთარ შამუგია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობის სუბსიდირება განვახორციელოთ, განკარგულება მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით განახორციელოს.
მისივე თქმით, შესაბამისი განკარგულება მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს, თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი. ამავდროულად, სათანადო შემოსავალი მიიღოს. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. პრიორიტეტულ ბაზრებზე ვახორციელებთ აქტიურ კამპანიას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რის შედეგადაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა; შარშან 30%-მდე ზრდა გვქონდა და ამ დინამიკას წელსაც ვინარჩუნებთ. ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლებშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე განხორციელდება სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
რთველის სუბსიდირების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წლის რთველის მოსამზადებელ შეხვედრაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.