ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს 16 მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის
მიმდინარე წელს 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების დივერსიფიცირებას. სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან დაახლოებით 28%-ით, 23 მლნ ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე მეტს შეადგენს. ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომლებსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.