ოთარ შამუგია - მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს, საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა
მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს, საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
„მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს და არა ომის დროს – საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია ოთარ შამუგიას განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.