ოთარ შამუგია - მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ
ოთარ შამუგია - მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ

სოფლის მეურნეობისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაცია; მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც დღეს, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის, „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„მათ უნდა ჰქონდეთ სარწყავი წყლით სარგებლობის საშუალება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები და სხვა საჭირო მექანიზმები. მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 3.5-ჯერ არის გაზრდილი გასარწყავებული ფართობი: 450 ათასი ჰექტრიდან დღეს უკვე შესაძლებელია 160 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის მორწყვა. ეს არის ჩვენ მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგი, თუმცა გასაკეთებელი კიდევ გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე დონორთან  – მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, აზიის ბანკი; სავარაუდოდ, მომავალ წელს ამ დონორებთან უკვე გვექნება შეთანხმება. მთლიანობაში, დაახლოებით 250-300 მლნ დოლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ სწორედ მელიორაციისა და მიწის მართვის მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დონორების მხრიდან გამოყოფილ თანხას დაემატება ბიუჯეტის დაფინანსება, რომელიც დაახლოებით 70 მლნ ლარის ფარგლებშია და ყოველწლიურად მზარდი იქნება.

„მელიორაციის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ვთანამშრომლობდით. ამ სფეროში დამატებით შემოდიან დონორები და ეს მნიშვნელოვანია. მომავალი წლების განმავლობაში მილიარდი ლარის მობილიზება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ, განვახორციელოთ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა შედეგად, გაიზრდება როგორც გასარწყავებული ფართობები, ასევე გაუმჯობესდება ფერმერების წყალუზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ გვალვის პერიოდში, როდესაც ფერმერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ წყალი, ჩვენ შევძლოთ სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.