ოთარ შამუგია კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო - ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელისა და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია, რათა, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა, აღვნიშნო ფასებთან დაკავშირებით, რომ ხარისხიან ყურძენზე არის დიდი მოთხოვნა; რქაწითელის შემთხვევაში, დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე ფასები, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის ნაწილი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.
სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს ფერმერს საკუთრებაში 26 ჰა ფართობის ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს. როგორც ბექა ნახუცრიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს.