საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს, ლიამ ჩიკას შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი მუშაობით მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის. საქართველო არაერთი მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის საძოვრების მართვის კუთხით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში, IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება დაეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც IFAD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლიამ ჩიკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.