ოთარ შამუგია - გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ოთარ შამუგიას განაცხადებით, გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები.
„გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს. ინსპექტირების ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, დრონებით, ფოტოხაფანგებით, სამკერდე ვიდეოკამერებით, ვიდეორეგისტრატორებით და სხვა. პრევენციის მიზნით, განხორციელდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება. 2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა პასუხისმგებლობა უკანონო ტყითსარგებლობის, წიაღის უკანონო მოპოვების, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მიღებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ) და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030 წწ), რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლების ძირითად პრიორიტეტებს.
„2022 წლიდან პირველად დაიწყო ქვეყანაში მგვ სისტემის დანერგვა, რომელიც არის ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის ხელშესაწყობად. მიმდინარე წელს ვგეგმავთ, მივიღოთ ორი ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენებს და „შეფუთვის ნარჩენებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.