ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
„დასაქმების პროგრამაში დაახლოებით ოთხი ათასამდე პოზიცია შეირჩა. ადამიანები დასაქმებული გვყავს როგორც სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებში, ასევე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, შესაბამისი შტაბის საქმიანობაში. დღესაც ღია ვართ, რომ ჩავრთოთ დაინტერესებული ადამიანები და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. მინდა, გითხრათ, რომ გვაქვს შემთხვევები, რომ ადამიანებმა, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ, შემდგომში გამოავლინეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ძირითად შტატშია. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და შემდგომში უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.