ოთარ შამუგია - დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და დაიცავს უნიკალურ ბუნებას
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რატომ დადგა ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში.
მისივე თქმით, დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, ამავდროულად, დაიცავს ბუნებას.
„ჩვენ წელს, მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ და მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და ჩემი მხრიდან. ამ პროცესებთან მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას დაცული ტერიტორიები. უშუალოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.