ოთარ შამუგია - ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო
ოთარ შამუგია - ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

მისივე თქმით, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

„სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში – ცილისწამება. ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას. ასევე, კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ, ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში. ამ მძიმე ვითარებაში ეს კიდევ უფრო ამძიმებს ფონს და კატეგორიულად მიუღებელია. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში. სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე ჩვენი სპეციალისტები გაემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ კვლევის სამუშაოებს. რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით დათვალიერება მთელი ხეობის, 24 საათის განმავლობაში ყველა მონაცემის დამუშავებას ახორციელებდნენ, დღეს უკვე გვაქვს ამ კვლევის პირველადი შედეგები. დასკვნის დეტალებზე სპეციალისტები ისაუბრებენ, ერთი რამ, რაც დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და, სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევებში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.