ოთარ შამუგია - ბოლო წლებში გარემოს დაცვის მიმართულებით გარდამტეხ რეფორმებს ვახორციელებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის, „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენი მთავრობისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმები დავიწყეთ. ეს ეხება როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვას, ისე სატყეო სექტორს, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ნარჩენების მართვას და ა.შ. თითოეული ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები: მიღებული კანონები, რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის მიზნით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ჩვენ გარკვეული ვალდებულებები დავაკისრეთ სამრეწველო საწარმოებს, რომლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები არიან. უკვე გვაქვს შედეგები – საწარმოებმა დაიწყეს შესაბამისი ფილტრების დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემის აწყობა, რომლის მიხედვითაც ისინი აკონტროლებენ გაფრქვევებს და ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში გვაწვდიან. ასეთი 15 საწარმო უკვე რეგისტრირებულია. მთლიანობაში, 50-მდე საწარმოზეა საუბარი და, ვფიქრობთ, მომავალ წელს მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აღჭურვილი. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ პარლამენტში წარვადგინეთ „სამრეწველო ემისიების შესახებ“კანონპროექტი, რაც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებით. შემდგომში, ეტაპობრივად მოხდება საწარმოების გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების დანერგვით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.