ოთარ შამუგია ბაქოში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა
ოთარ შამუგია ბაქოში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მინისტერიალში „სამომავლო ხედვა – ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა“ მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით იმართება და მისი მთავარი გზავნილია აგრარული მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და სტანდარტიზაცია, რაც გაამარტივებს და გამჭვირვალეს გახდის ფერმერებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაზრდას. ციფრული ტექნოლოგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პანდემიის და საგანგებო მდგომარეობების დროს.

ოთარ შამუგიამ მინისტერიალის მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 10 ქვეყნის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური დირექტორები ესწრებოდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით. მუშაობს ფერმერებთან და მეწარმეებთან ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, მიღებული მოსავლის (ყურძენი) აღრიცხვა  ერთიანი ელექტრონული პროგრამის საფუძველზე, სერტიფიკატების და ნებართვების გაცემა ელექტრონული სისტემების მეშვეობით; საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ციფრული პლატფორმები; მიწის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, საძოვრების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ციფრულ რუკაზე განთავსება. აქტიურად განვიხილავთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა თანამგზავრული და აეროსურათების დამუშავებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარუკება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში წყლის დეფიციტის განსაზღვრა, დაუმუშავებელი სავარგულების იდენტიფიცირება და სხვა. ჩვენ ვართ ღია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქარიმოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსთან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორ პაუ როკა ბლასკოსთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ   ქიუ დონგუსთან.  ქართულ დელეგაციას შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.