ოთარ შამუგია - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია.
ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13 პროცენტით იზრდება და 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც.
„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.