ოთარ შამუგია - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, უკვე წლებია, ხორციელდება.
„პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა. ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი – მევენახე ფერმერებს, 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე გაიზარდა ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და, ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები“, – აღნიშნა შამუგიამ.
ამასთან, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა, ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან.