ოთარ შამუგია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასების შემცირების დინამიკას ვაკვირდებით. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად ფქვილზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა უკვე კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე. ალბათ უახლოეს პერიოდში დახლებზე კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ.
იცით, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც წისქვილკომბინატებთან, ასევე ფერმერებთან, პურის მწარმოებლებთან. წინა კვირასაც გვქონდა შეხვედრები და მათგან მივიღეთ დასტური, რომ შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში პურის ფასებზე აისახოს ის ცვლილება, რაც ხდება ფქვილთან და ხორბალთან მიმართებაში და ამიტომაც განვაცხადეთ, რომ უახლოეს პერიოდში პურის ფასების შემცირებას ველოდებით უშუალოდ უკვე დახლებზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.